დეკანოიძე მელიას გათავისუფლებაზე: არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცედურა გაწელონ

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ მელიას გათავისუფლების პროცედურა გაწელოს.

“რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის, გუშინ სასაცილო განცხადება მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ მეილი გვიან მივიდა და ა.შ. არ ვიცი, დაველოდოთ, იმედია დღეს მიმართავენ თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცედურა გაწელონ. პროცესუალურად ყველანაირი ნორმა დარღვეულია დაკავებისას, საქმის აღძვრისას, განხილვისას – ეს არ არის სისხლის სამართლებრივი განზომილება, ეს არის პოლიტიკური ჭრილი ამ მართლმსაჯულების”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარი გადაიხადა, პროკურატურამ კი თქვა, რომ 8 მაისს ვეღარ მოასწრო სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართვა.