დენაციფიკაციის თემა მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება – რუსეთის ფედერაციის საბჭო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს “სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში ჩარევის აღკვეთის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა”, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ “დენაციფიკაციის საკითხი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება”.

მისი თქმით, “დენაციფიკაცია” შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით და არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციის გზით.

“ნაციზმი და ნეონაციზმი მარტო უკრაინაში არ ყვავის. დენაციფიკაციის თემა მხოლოდ ამ ქვეყნის ტერიტორიით არ შემოიფარგლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა ადგილას უნდა განხორციელდეს დენაციფიკაცია იმ მეთოდებით, რომლითაც ის ახლა ტარდება [უკრაინაში], არსებობს სხვადასხვა მეთოდები.

მე ვთავაზობ ამის გაკეთებას არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებსაც”,– ამტკიცებს კლიმოვი.

მისივე განცხადებით, გასული ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ყოველწლიურად წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას რეზოლუციის პროექტს ნაციზმისა და მისი გამოვლინებების დაუშვებლობის შესახებ, თუმცა მის წინააღმდეგ ხმას აძლევენ უკრაინა და ნატოს წევრი ქვეყნები.

“მყისიერად ჩნდება კითხვა: რატომ უნდა მოხდეს მხოლოდ უკრაინის დენაციფიკაცია? და ვისაც აშკარა მიზეზების გამო ეშინია წინააღმდეგ ხმის მიცემის, ვინ იკავებს თავს? – NATO-ს ყველა ქვეყანა“, – აღნიშნა კლიმოვმა.

მისივე აზრით, კიდევ ერთი ამოცანაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დონეცკისა და ლუგანსკის “დამოუკიდებლობის” დაცვა.