დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ეს არ არის პროსტატის კიბო, მაგრამ ის მაშინ აღმოაჩინეს, როცა ცოტა ხნის წინ მეფე პროსტატის ადენომის მკურნალობის კურსს გადიოდა.

სასახლის განცხადებაში არ არის მითითებული სხვა დეტალები, მათ შორის მეფის ავადმყოფობის ეტაპი ან ექიმის პროგნოზი, მაგრამ ნათქვამია, რომ მეფემ ორშაბათს დაიწყო “შესაბამისი მკურნალობის კურსი”.

ბუკინგემის სასახლემ ასევე აღნიშნა, რომ მეფე “ზოგადად დადებითად არის განწყობილი მისი მკურნალობის მიმართ და მოელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება სრულად საზოგადოებრივ საქმიანობას”.

უახლოეს მომავალში ის ნაკლებად დაესწრება საჯარო ღონისძიებებს, ამ პასუხისმგებლობას მკურნალობის მსვლელობისას სამეფო ოჯახის სხვა უფროსი წევრები აიღებენ. ამ სტატუსს ამჟამად ფლობენ მისი მეუღლე, დედოფალი კამილა, ვაჟი, პრინცი უილიამი, ძმა, პრინცი ედვარდი და და, პრინცესა ანა.

ჩარლზ III კვლავ განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური როლის შესრულებას, მათ შორის სახელმწიფო დოკუმენტაციის გაფორმებას და კერძო შეხვედრებს. მათ შორის,  პრემიერ მინისტრთან აუდიენციას: ისინი გააგრძელებენ ყოველკვირეულ შეხვედრებს.

თუ ექიმები მეფეს ურჩევენ პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე შემცირებას, შესაბამისი ზომები მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული.

იმ შემთხვევაში, თუ მეფე ვერ ახერხებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას, არსებობს კარგად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გადადის „სახელმწიფო მრჩევლებზე“.

ამჟამად მათ შორის არიან დედოფალი კამილა, პრინცი უილიამი, პრინცესა ანა და პრინცი ედვარდი. პრინცი ჰარი და იორკის ჰერცოგი (ანუ პრინცი ენდრიუ) ამ სიაში აღარ შედიან, რადგან ისინი არ არიან სამეფო ოჯახის მომუშავე წევრები.

მედიის ინფორმაციით, პრინცი ჰარი, რომელიც ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს, ესაუბრა მამას და უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში ჩავა.

ორშაბათს დილით 75 წლის მეფე ნორფოლკის სანდრინგემის სასახლიდან ლონდონში დაბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის მკურნალობას ამბულატორიულად გაივლის.

კიბოს თერაპიის აბსოლუტური უმრავლესობა  ამბულატორიულად ტარდება. მაგრამ ეს  მოიცავს შესაძლო მკურნალობის უზარმაზარ სპექტრს.

ქიმიოთერაპია ასევე  სხვადასხვა ფორმით გამოიყენება, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მაგრამ რადგან უცნობია, რა ტიპის კიბო აქვს მეფეს, ძნელია ვარაუდი, რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდება მას.

მედია წერს,  რომ მეფე ჩარლზ III-მ პირადად  აცნობა თავისი დიაგნოზი მის უახლოეს ოჯახის წევრებს, მათ შორის პრინცებს უილიამსა და ჰარის, ასევე მის და-ძმებს პრინცესას ანას და პრინცებს ენდრიუს და ედვარდს.

კვირას მეფე სანდრინგემში წირვას დაესწრო და შეკრებილ ხალხს მიესალმა.

ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ მეფემ ლონდონის კერძო კლინიკაში პროსტატის ოპერაცია გაიკეთა.

ჩარლზ III-მ გადაწყვიტა გამოეცხადებინა თავისი მკურნალობა, რათა მეტი მამაკაცისთვის მიეცა მოტივაცია, გამოკვლევა ჩაიტარონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კმაყოფილი იყო ამ სამედიცინო პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობით. მისი განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ვებგვერდზე  პროსტატის პრობლემებისა და დაავადებების შესახებ ძებნების რაოდენობის მკვეთრი ზრდა (1000%-ით)აღინიშნა.

კიბოს მრავალი სახეობის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. ბრიტანეთში, საშუალოდ, 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში კიბოს ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი (36%) მოდის.

წამყვანი ბრიტანელი ონკოლოგი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, პროფესორი კეროლ სიკორა, თვლის, რომ მეფის გადაწყვეტილება მისი დიაგნოზის გასაჯაროებაზე დაეხმარება საზოგადოებას უკეთ გაიგოს, რა არის სინამდვილეში ასეთი დაავადებები.

„კიბო ბევრ ადამიანს აშინებს და მისი დიაგნოზის გასაჯაროებით, ჩარლზ III, რა თქმა უნდა, დაეხმარება ადამიანებს გარკვეული შიშების მოხსნაში. ჩვენ ვმკურნალობთ სიმსივნით დაავადებულთა თითქმის ნახევარს და… იმედია დიდხანს და წარმატებულად იცხოვრებს, მაგრამ… ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი შეიძლება დაავადდეს კიბოთი… გახსნილობა საუკეთესო საშუალებაა ადამიანების დასაცავად, რათა მათ არ ეშინოდეთ. ისაუბრეთ ღიად იმ სიმპტომებზე, რომლებიც კიბოს მოასწავებდეს“ – ამბობს პროფესორი სიკორა.