დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ოქროს შესყიდვას აკრძალავენ

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ოქროს შესყიდვას აკრძალავენ, სააგენტო როიტერი აშშ–ს ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, შემდგე კი ეს ინფორმაცია ამერიკულმა ტელეარხმა, სიენენ–მაც გაავრცელა.

მედია ამბობს, რომ ასეთი ზომის მიღება შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გადაწყვიტეს.

რუსეთი ახლა საკუთარი ოქროს მარაგის მოცულობის გასაიდუმლოების პროცესშია – ამ ზომის მიღება რუსეთის ხელისუფლებას ეკონომიკის მინისტრმა შესთავაზა.

თუმცა, რუსული ოქროს მთავარი შემსყიდველი ის ქვეყანაა, რომელიც დიდ შვიდეულში არ შედის – ეს არის შვეიცარია. ის მსოფლიოში ოქროს ერთ–ერთი მთავარი გადამამუშავებელია.

21 ივნისს სააგენტო ბლუმბერგი იტყობინებოდა, რომ შვეიცარიამ პირველად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისგან 3 ტონა ოქრო იყიდა. შედარებისთვის, 2021 წელს რუსეთის ოქროს ექსპორტი 302.2 ტონა იყო, 17.4 მილიარდი დოლარის ღირებულებით, შვეიცარია კი მისი მთავარი მყიდველი იყო.

დიდი შვიდეულის სამიტი 26–28 ივნისს გერმანიაში ჩატარდება.