დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებენ. აშშ–ს ახალი სანქციები

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებით. შეხედრაში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებიც განიხილეს და ისიც, თუ როგორ აიძულონ რუსეთი “გადაიხადოს მაღალი ფასი პუტინის ომისა და უკრაინაში მისი შეჭრისთვის.“

შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში დიდი შვიდეულის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას გააგრძელებენ და ახალ დონეზე აიყვანენ პუტინის მხარდამჭერი რუსული ელიტების წინააღმდეგ კამპანიას.

ისინი ადასტურებენ, რომ რუსეთს სრულად ჩამოაშორებენ საკვანძო საფინანსო და სხვა მომსახურებებისგან, რომლებზეც დამოკიდებულია რუსეთი, და ამგვარად ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის იზოლაციას გაამყარებენ.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს მათი ერთგულება რუსულ ენერგომატარებლებზე თანდათანობით უარის თქმის გეგმის, მათ შორის რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის მიმართ.

“განვაგრძობთ და ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ ჩვენს კამპანიას ფინანსური ელიტების და ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ პუტინს მის ომში და რუსი ხალხის რესურსების ფლანგვაში“– ნათქვამია განცხადებაში.

ამ შეხვედრის შემდეგ აშშ–მ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა რუსეთის და ბელორუსის მიმართ.

“აშშ სანქციებს აწესებს სამი ყველაზე ყურებადი, სახელმწიფოს მიერ პირდაპირ თუ ირიბად კონტროლირებადი ტელეარხის მიმართ – “პირველი არხი“, “რასია–1“, ტელეკომპანია “ენტევე“. – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც დიდი შვიდეულის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ახალი ამერიკული სანქციები ასევე მოიცავს:

  • რიგ სფეროებში საქონლის ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის ბირთვულ წარმოებაში.
  • სანქციები ეხება რუსეთის და ბელორუსის 2600 ოფიციალურ პირს.
  • სასანქციო სიაში კიდევ ერთხელ მოხვდნენ: სბერბანკის და გაზპრომბანკის ტოპ მენეჯერები.
  • ამერიკულ კომპანიებს ეკრძალება რუსებს კონსალტინგური, სარეკლამო ან ბუღალტრული მომსახურება გაუწიონ.

აშშ–მ მაბლოკირებელი სანქციები შემოიღო მოსოკვის ინდუსტრიული ბანკისა და მის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების მიმართ, ასევე სბერბანკის და გაზპრომბანკის ხელმძღვანელობის მიმართ. ამის შესახებ აშშ–ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ინფორმაციაშია საუბარი.

თეთრი სახლის მონაცემებით სანქციების ქვეშ მოხვდნენ სბერბანკის 8 ხელმძღვანელი პირი, მათ შორის თავმჯდომარის მოდაგილე ბელა ზლატკისი, მმართველის პირველი მოადგილე კირილ ცარევი, საინვესტიციო პორტფელის მმართველი ნატალია ალიმოვა.

სანქციების სიაში შედის გაზპრომბანკის 27 ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში დაამატა 8 რუსული საზღვაო კომპანია და 69 გემი.