“დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო სანიტარული კორდონი სააკაშვილთან“– თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილის პერსონის გარშემო ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის მორიგ დაპირისპირებას ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქით ეხმაურება. გიგი უგულავას ვიდეომიმართვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულებას ეხებოდა, მწვავე რეაქცია მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. “გამოსავალი – ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას“–თქვა ვიდეომიმართვაში უგულავამ.

“როდესაც მუშტზე და იდაყვზე საუბრობს გიგი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, სადაც ის ამბობს „სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას”.

„გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან სევდიანი განწყობა მაქვს, როდესაც ამას ვუყურებ. არ შეიძლება ძალადობრივი შინაარსობრივი რეჟიმის არსებობისას, ისაუბრო ოპოზიციაზე და ოპოზიციის პარტიის ლიდერზე.“– თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

თამარ ჩერგოლეიშვილი კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა და მნიშვნელოვანია ყველა პარტიამ მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია, რას აპირებს მომავალში:

მოსალოდნელ და, სამი წლის თავზე, უკვე მოსაწყენ აურზაურს ვეხმიანები:

“მე მყარად მჯერა და ვიცი, რომ სააკაშვილის მმართველობა – ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია – არის ძალიან დიდი საფრთხე ამ ქვეყნისთვის.

ძალიან დიდი საფრთხე.

ივანიშვილს რომ საფრთხედ მივიჩნევ და მისი დამარცხება ეროვნულ ამოცანად მიმაჩნია, არაერთხელ მითქვამს.

ვიღაცას რომ ფორთოხალი და ვაშლი არ უყვარს, ეს ფორთოხალს და ვაშლს ერთნაირად არ აქცევს. ამიტომ, მოგონილ “ტოლობაზე” ბრტყელ და პრიმიტიულ დემაგოგიას თუ შეეშვება ინტელექტზე პრეტენზიის მქონე ხალხი – უფრო ჭკვიანებად გამოჩნდებიან.

ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყანას ეს საფრთხე აარიდოს.

ვინც ასე არ თვლის, ჩემთვის უპასუხისმგებლოა.

მე არ დავუჭერ მხარს პარტიას და არც პოლიტიკოსს მივცემ ხმას, თუ წინასწარ არ ვიცი, რომ ის სააკაშვილის პრემიერობას თავიდან ამაცილებს და ივანიშვილს არ შეეკვრება

ეს მე გარკვევით უნდა ვიცოდე – ეს ჩემთვის მთავარი საკითხებია.

სანამ ხმას მივცემ, უნდა ვიცოდე, რომ ამას წყალი არ გაუვა და ჩემი ხმით, სააკაშვილი პრემიერი არ გახდება.

ეს გარკვევით უნდა იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმაც – როგორც აქ, ისე დასავლეთში.

აუცილებელია ეს იცოდნენ დასავლეთში.

ჩემნაირი არის ბევრი. ბევრს აინტერესებს მისი ხმა სად დაასრულებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული გზავნილია ხალხამდე მისატანი – ხალხო, ჩვენ რომ ხმებს მოგვცემთ, აი მაგ ხმებით არც მიშა გახდება პრემიერი და არც ბიძინას ყულაბაში წავა – მშვიდად იყავით.

ეს გზავნილი მიდის იმ ფორმით, რა ფორმითაც ყველაზე ეფექტურად გაიგებს და დაიჯერებს
ამომრჩეველი უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში და უამრავ პრობლემაში – რაც შეიძლება ხშირად, მოკლედ და ყურისმომჭრელად.

ჩვენ ველაპარაკებით მათ, ვინც გვსურს ჩაიბეჭდოს, რომ მიშა ჩვენი ხმებით პრემიერი ვერ გახდება და ივანიშვილის პროპაგანდა ატყუებს, როცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. არც ბიძინასთან შევკრავთ კოალიციას და მიშას პროპაგანდა გატყუებთ, როცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს

ვისაც ეს გაწუხებთ, იმ პარტიას მიეცით ხმა, ვინც მიშას უჭერს მხარს – რატომ ღიზიანდებით?

პირიქით, ვისაც ივანიშვილი არ გინდათ, რა ლოგიკით არ მიესალმებით იმას, რომ არჩევნებზე მოსვლის მოტივაცია გაეზარდოს მას, ვისაც სააკაშვილი პრემიერად არ უნდა?

დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო სანიტარული კორდონი სააკაშვილთან – ამაზე კრიტიკა მისაღები და გასაგებია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. 

“ტუსოვკას გაგვიტყდა” არგუმენტებით მსჯელობა კომიკურად გამოიყურება.

რაც სიმართლეა, სიმართლეა – “ფოლმაც” სიმართლეა.“– წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.