დილით კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა

დღეს დილით სარაკეტო დარტყმები კიევის დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებზე მიიტანეს. ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იტყობინება.

“რამდენიმე აფეთქება. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე“– დაწერა მან საკუთარ ტელეგრამ  არხზე.

დაბომბვის შედეგად გარდაცვლილები არ არიან. ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სავარაუდოდ რუსების სამიზნე სარკინიგზო ობიექტები იყო.

წინასწარი მონაცემებით რაკეტები ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა. თვითმხილველების თქმით აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა.

ქალაქ ბროვაროვის მერმა, რომელიც კიევიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, იგორ საპოჟკომ ფეისბუქზე დაწერა, რომ დაბომბვა მოხდა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. მისი თქმით, აფეთქებების შემდეგ ქალაქში კვამლის სუნი დგას.

“ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ერთ–ერთმა რაკეტამ, რომელიც სავარაუდოდ კიევის მიმართულებით გაუშვეს, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თავზე კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე გაიფრინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსებს დღემდე არ ესმით, რომ რაკეტის უმცირესმა ნამსხვრევამაც კი, რომელიც ჩართულ ენერგობლოკს მოხვდება, შეიძლება ბირთვული კატასტროფა და რადიაციის გაჟონვა გამოიწვიოს.

ბოლოს კიევი 29 აპრილს დაიბომბა. მაშინ ერთი ადამიანი – ჟურნალისტი ვერა გირიჩი გარდაიცვალა. დაიჭრა 10 ადამიანი.