დნეპრის დასავლეთ ნაწილი ბლოკადაშია, უკრაინელების საცეცხლე დაფარვის ზონაშია ყველა ლოჯისტიკური მომარაგების გზები – ექსპერტების შეფასება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 30 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.

”წუხელ რუსეთში ბელგოროდის რაიონში რუსული სამხედრო საწყობები დაიბომბა. დაბომბვა იმდენად მასშტაბური იყო რომ ქალაქი ბელგოროდიდან მოსახლეობამ მასშტაბური გადინება დაიწყო. ღამით, პანიკის ფონზე რკინიგზის სადგურზე ქალაქის მცხოვრებლებმა თავი მოიყარეს და ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ.

– ბოლო 24 საათია პრაქტიკულად უწყვეტად იბომბება ხერსონის რაიონში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილები. ანტონოვის ხიდი კი ოთხჯერ გახდა HIMARS-ების სამიზნე. განადგურებულია პონტონური ხიდებიც. რუსული კოლონების გადაყვანა მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე სრულად შეჩერებულია.

– ნოვა კახოვკაში სამხედრო შეჯგუფება, რომელიც მდინარე დნეპრის დასავლეთით უნდა გადასულიყო აღმოსავლეთ სანაპიროზე დაბომბვაში მოყვა და განადგურდა. ამასთან, ძალიან ინტენსიურია სარაკეტო იერიში უშუალოდ კახოვკას შემოგარენში განლაგებულ რუსულ სამხედრო ძალებზე.
– უკრაინელებმა ხერსონზე გარღვევა მოახერხეს მიკოლაივის მიმართულებიდან. ბრძოლები ჭალებსა და მინდვრებში მიმდინარეობს. ეს კი სამხედრო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაზაა.

– არცთუ წარმატებულია უკრაინელთა შეტევის გაგრძელება ცენტრში, სნიჰურივკას ჩრდილოეთით. მდინარე ინჰულეციდან გადმოსული უკრაინული ნაწილების მხრიდან დამატებითი შეტევას განვითარება ჯერ კიდევ ვერ მოჰყვა. მას შემდეგ რაც უკრაინელებმა გუშინ გარღვევა მოახერხეს, დღეს დამატებით წინ წაწევა ვეღარ შეძლეს და შეტევისას ტექნიკის ნაწილი დაკარგეს. თუმცა ეს სრულიად მოსალოდნელი ამბავია. ამ მიმართულებაზე რუსული ელიტური დანაყოფები არიან მობილიზებულები და ბრძოლა არცთუ ადვილი იქნება.

– ყველაზე ინტენსიურ წინააღმდეგობას ჩრდილოეთიდან დაძრული უკრაინული ნაწილები აწყდებიან. უკრაინულ სამხედრო ნაწილებთან ერთად მონაწილეობენ უცხოელთა სამხედრო ლეგიონებიც. რუსული არტილერია მათ შეჩერებას ცდილობს, მაგრამ უკრაინული არტილერია ჯაბნის. ამ ფონზე უკრაინელებმა შეძლეს და ვისოკოპილიაში შევიდნენ – ბრძოლა ქალაქში მიმდინარეობს. გრძელდება არხანგელსკეს შტურმიც. პრაქტიკულად მთელი 50 კილომეტრის გასწვრივ უწყვეტი შეტაკებები მიმდინარეობს. თუკი ამ ორი ქალაქის აღება მოხერხდა რუსული წინააღმდეგობა ამ მიმართულებიდან გარღვეული იქნება.

– ცაში რუსული ავიაცია ცდილობს უკრაინული შეტევა შეაჩეროს. მოიერიშეები გზების დაბომბვაში მონაწილეობენ. საპირისპიროდ, უკრაინული ავიაცია რუსულ პოზიციებს შედარებით უფრო ღრმად ურტყამს. ამ ფონზე რუსებმა HIMARS-ების ძიება და მათ წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება თუ ავიაიერიშების წამოწყება სცადეს, თუმცა უკრაინელებმა გააკეთეს ის, რასაც მეორე მსოფლიოდან მოყოლებული აქტიურად ვხვდებით საბრძოლო მოქმედებებისას – შექმნეს სატყუარები. მათ ხისაგან გაკეთებული HIMARS-ები სამხედრო მოქმედების არეალის ახლოს განათავსეს, რომელზეც რუსებმა რამდენიმე საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანეს.

– ხერსონის მიმართულებით ახლა რუსები შეეცდებიან რაც შეიძლება მალე დაასტაბილურონ შეტევა და თავდაცვის ახალი ზღუდე შექმნან. უკრაინელთა ამოცანა კი რაც შეიძლება სიღრმეში გადასვლა და დასახლებული პუნქტების გათავისუფლებაა. თუმცა ეს არ იქნება ცოცხალი ძალის უაზრო შეწირვა. უკრაინელები ორგანიზებულად წაიწევენ წინ, მაქსიმალურად მცირე დანაკარგების მცდელობით. დიდ, გაწელილ და გრძელ კოლონებად გადაადგილება რუსული არმიის შეცდომის შეცდომის გამეორება იქნებოდა.

– ხერსონში პარტიზანული აქტივობა გრძელდება. რუსულ პოზიციებზე თავდასხმა კიდევ რამდენჯერმე განხორციელდა. ამ ფონზე ქალაქის ნაწილი დაიცალა.

– რუსებმა ხარკვის რაიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს, შეტევის წამოწყება სცადეს. მათი მიზანი უდისა და მისი შემოგარენის სრული დაკავება იყო. როგორც ცნობილია უდის გარკვეული ნაწილი რუსებმა რამდენიმე კვირის წინ დაიკავეს და ახლა სიღრმეში ცდილობდნენ შეღწევას. ამ შემთხვევაში უკრაინელებმა არათუ შეძლეს მათი მოგერიება, არამედ უკუქცევისას რუსების ნაწილი ტყვედ ჩაცვივდნენ. რთული სათქმელია ეყოფათ თუ არა უკრაინელებს ამ მიმართულებით კონტრშეტევის ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში უდის დანარჩენ ნაწილში მყოფი რუსების ალყაში მოხვედრის შანსი შეიქმნებოდა.

– რუსები ცდილობენ ირანული დრონებით არსენალის სწრაფ შევსებას და მათ აქტიურ გამოყენებას, თუმცა დასავლური წყაროები იტყობინებიან, რომ ირანული დრონები ძირითადად ხარვეზიანია და მათი ეფექტური გამოყენება – ლიმიტირებული. მიუხედავად ამისა, უკრაინელებს მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა მოუხდებათ, რაშიც დასავლური შეიარაღება მიეხმარება.

– აშშ-საგან შემდგომი სამხედრო დახმარება სამხრეთში უკრაინელთა კონტრშეტევისათვის მიხმარებაზე იქნება აგებული. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დარჩენილი რუსების წინააღმდეგ დიდი და მძიმე შეტაკებები გველოდება წინ. უკან დასახევი გზების (ხიდების) განადგურება კი იმას მიუთითებს, რომ უკრაინელთა მიზანი არამხოლოდ ხერსონის გათავისუფლება, არამედ ამ არმიის სრული ან როგორც მინიმუმ ნაწილობრივი განადგურება მაინცაა, რათა მათი შემდგომი გამოყენება რუსებმა ვეღარ მოახერხონ. არ არის ცნობილი რუსებისა და უკრაინელ სამხედროთა საერთო რაოდენობა და მათი შეფარდება, მაგრამ ორივე მხრიდან ათიათასობით ცოცხალ ძალაზე გვაქვს საუბარი.

– ახალი დათვლებით ცნობილი ხდება, რომ მარიუპოლში სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი დაახლოებით 87 ათასი მოკლული ადამიანია. საერთო სამარხების რაოდენობიდან გამომდინარე მიახლოებით ეს ციფრი სახელდება. რუსებმა ქალაქის 20% ამოხოცეს.” -აცხადებს კობერიძე.

ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს რადგან მას ბუნებრივია ახლავს რისკები, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ოკუპირებული ხერსონის ოლქის დნეპრის დასავლეთ ნაწილი ფაქტობრივად ბლოკადაშია მოქცეული, რადგან უკრაინული არტილერიის საცეცხლე დაფარვის ზონაშია ყველა ლოჯისტიკური მომარაგების გზები.

”უკრაინული MIG-29-ების მრავალფუნქციური მეოთხე თაობის გამანადგურებლები რადარსაწინააღმდეგო AGM-88 Harm-ის საჰაერო ბაზირების რაკეტებით ანადგურებენ\ახშობენ რუსულ საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციურ/რადიოელექტრონულ და საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს რის მეშვეობით არამოხლოდ გააქტიურდა უკრაინის ავიაცია,არამედ უკრაინის არმიის სარაკეტო დაბომბევის ეფექტურობა მნიშვნელოვად გაიზარდა…

ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ნოვა კახოვკას მიმართულებაზე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ოკუპანტების 7 სამხედრო ობიექტი, მათ შორის საბრძოლო მასალის 4 საცავი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები იპარავენ სამოქალაქო მანქანებს, რათა როგორმე გამოიყვანონ დაჭრილები… გასულ ღამეს ნოვა კახოვკა უკრაინული არმიის ინტენსიური დაბომბვების ქვეშ მოექცა მთელი ღამის განმავლობაში…

გარდა ამისა, ხერსონში, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ HIMARS\M270-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით GMLRS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის GPS-ით მართვადი რაკეტებით გაანადგურეს რუსების 8 საბრძოლო მასალის საწყობი, 6 სამხედრო ყაზარმა, 1 სამეთაურო პუნქტი…

ხერსონის მიმართულებაზე მასშტაბური სარაკეტო დაბომბვებთან ერთად მიმდინარეობს გააფთრებული პოზიციური ბრძოლები გარკვეულ მომართულებებზე…უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხეომძღვანელობა მოქმედებს კომბინირებულად, პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს რადგან მას ბუნებრივია ახლავს რისკები, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ოკუპირებული ხერსონის ოლქის დნეპრის დასავლეთ ნაწილი ფაქტობრივად ბლოკადაშია მოქცეული, რადგან უკრაინული არტილერიის საცეცხლე დაფარვის ზონაშია ყველა ლოჯისტიკური მომარაგების გზები: ანტონოვსკის რკინიგზისა და საავტომობილო ხიდები ბარჟები და ნოვა კახოვკას ხიდებიც, გამომდინარე აქედან მიმდინარეობს რუსული საოკუპაციო ძალების გამოფიტვა ეტაპობრივად, პარალელურად უკრაინის არმია ინტენსიურად ახორციელებს ტაქტიკურ მობილურ მანევრებს, რომელიც ერთიანი გეგმის ნაწილია…” – აცხადებს რუსლან შავაძე.