დღეიდან საქართველოში მწვანე პასპორტი ამოქმედდა

დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა იკრძალება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.

Georgia e-Health – ასე ჰქვია ე.წ. მწვანე პასპორტების აპლიკაციას, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. 17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა (EU Gateway-ის ქვეყნები).  რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც.  აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიროს მარტივი რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება პჯრ ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც.

აპლიკაციის მეშვეობით, რომელზეც მოქალაქის QR კოდები აისახება, შესაძლებელია მწვანე  სტატუსის დადასტურება.

“მწვანე პასპორტით” სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;
  • გასართობი ცენტრები;
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.
  1. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი” სავალდებულო არ იქნება.
  2. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
  3. მათთვის ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.
  4.  მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზებთან სინქრონიზაციის პროცესიც და უახლოეს მომავალში მასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია გახდება ცნობილი.
  5. 18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ ”მწვანე პასპორტის” წარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.

რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის სამუშაო დროის შეზღუდვა იხსნება და ობიექტები მათთვის სასურველი დროით იმუშავებენ.

„მწვანე პასპორტზე“, რომელიც საქართველოში გამოიყენება, პირის პირადი ნომერი და სურათია მითითებული.

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო, რომ პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ მინიჭებული, სხვა ადამიანების ბარათებით არ ისარგებლებენ. მისი თქმით, გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს და ყველაფერი „პატიოსნებაზეა დამყარებული“.

„ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. ეს ყველაფერი პირველ რიგში, ადამიანის კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზეა დამყარებული. არ უნდა გავაკეთოთ ეს. „მწვანე პასპორტში“ მითითებულია პირადი ნომერი, ასევე სურათიც, QR კოდის სკანირების დროს გამოჩნდება მოქალაქის პირადი ნომერი და ფოტოც. დაწესებულებები მოახდენენ პირის იდენტიფიცირებას. შესაძლოა, პირს მოთხოვონ პირადობის მოწმობა და შემდეგ შეადარონ. დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ „მწვანე პასპორტი“. შრომის ინსპექცია კი დაწესებულებებს შერჩევითად გააკონტროლებს.“– ამბოს გამყრელიძე.

“მწვანე პასპორტები ეს არის პირობა, რომლის შედეგადაც ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა ამუშავდეს. მოსულ სტუმარს აქვს QR კოდი, რომელიც სმარტფონით ნამდვილად გაკონტროლდება, სადაც დანახული იქნება პიროვნების სახელის და გვარის ინიციალები და სახე და, ამ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც “მწვანე პასპორტს” ეკუთვნის,”- აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.