დღეს იმ თავდასხმების 20 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა – აშშ-ს საელჩო 9/11-ზე

დღეს იმ თავდასხმების 20 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა  – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ 11 სექტემბერის ტერაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დღემ ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გააერთიანა.

„2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით მსგავსი თავდასხმა აღარასდროს მომხდარიყო.

ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი – საქართველოსი, რომელმაც 20 000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.

როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2 977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2001 წლის 11 სექტემბერს ალ ქაიდას ტერორისტებმა United Airlines-ის ორი გატაცებული თვითმფრინავი დილით, სამუშაო დღის დაწყებისას ნიუ-იორკის ორ ცათამბჯენს დააჯახა. შედეგად, 2 996 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 606 სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარედ იყო.