დღეს პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ

სამოქალაქო აქტივისტები „კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან და დღეს, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბებიან და 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ.

„სამოქალაქო ჯგუფებმა – „სირცხვილია”, „დროა”, „შეცვალე“, „დემოკრატიული მომავლისთვის” და „სოცაფეთქება” გადაწყვიტა, რომ შევუერთდეთ ერთმანეთს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ე.წ. კომენდანტის საათის და იმ ჯარიმების გაუქმება, რომელიც მოქალაქეებს „კომენდატის საათის“ დარღვევისთვის დააკისრეს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციის ფორმატს, 3 აპრილს 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შევიკრიბებით.

სამოქალაქო მოძრაობები სხვადასხვა ადგილზე შევიკრიბებით და ბოლოს ერთიანი მარშით 17:00 საათზე ფილარმონიიდან წავალთ პარლამენტისკენ, სადაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება. პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამე დავრჩებით. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტის და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ ამ ერთი მოთხოვნის ქვეშ და გაუქმდეს „კომენდატის საათი“ და ჯარიმები“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას” წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.