დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება, ამიტომ პარლამენტში მივიდა.

“არ შეიძლება, პანდემიის გამოწვევას სახელმწიფო ებრძოლოს არაკონსტიტუციური გზებით. ის კანონი რომელიც დღეს შემოდის, არის პირდაპირწინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ამიტომ მოვედით ჩვენ დღეს აქ, რადგან დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება”.

კანონპროექტი , რომელსაც დღეს პარლამენტი კენჭს უყრის, ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

მას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეძლებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.