დღეს პროკურატურა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მისი მტკიცებით, პროკურატურაში შეიქმნა “ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები”.

“კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს რგოლს – პროკურატურას საკვანძო როლი აკისრია კანონის დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში.

საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებისა და სრულყოფის რთული გზა განვლო. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად შეიქმნა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პირობები”,– წერს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, პროკურატურა დღეს დამოუკიდებელი სისტემაა.

“დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ევროპული სტანდარტების, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა. მის თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში.

უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს”,– აცხადებს  ღარიბაშვილი.