“ვისოლ ჯგუფისა” და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს ბიზნესი.
” ყოველ დილას ჩემს ასისტენტს ვამხნევებ, ჩემს თანამშრომლებს ვამხნევებ, მერე სავაჭრო ორგანიზაციაში დავდივარ… ყოველთვის ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა მქონდეს. წარმოიდგინეთ, 2-3 ათასი შემთხვევაა კორონავირუსის და ამ შემთხვევაში თუ ბიზნესმენმა ხელისუფლება გაამხნევა, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მხნედ უნდა ვიყოთ ყველა და უნდა გადავრჩეთ. დღეს, რასაკვირველია, აქეთ არის ბიზნესი გასამხნევებელი და უნდა გაამხნევოს ხელისუფლებამ და ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს…”,- ამბობს ფხაკაძე ტვ პირველთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, დამატებითი შეზღუდვები ბიზნესისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეკონომიკა აღდგება.
“ბიზნესი სწორად აცნობიერებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და ღირებულია. ძალიან ახლოს მოვიდა კორონა თითოეულ ჩვენგანთან. ძალიან რთულია, რომ ასეთ დროს თქვა, მოდით, გავავლოთ ხაზი სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის. ეს არის ურთულესი გადაწყვეტილება ბიზნესისთვის, ძალიან დავზარალდებით, მაგრამ ალბათ როდესაც სასწორზე დევს ადამიანის სიცოცხლე, ჩემთვის ძალიან რთულია, რამე ვთქვა, გარდა იმისა, გადაწყვეტილება უნდა მიიღო იმ ეპიდსიტუაციაზე დაყრდნობით, რაც არის ქვეყანაში”,- ამბობს ფხაკაძე.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ გახარია გაამხნევა, პრემიერმა კი უპასუხა, რომ მხნედ არის.