შაბათი, 4 მაისი , 2024, 22:07

დღე იყო ჩვენი შეცდომა, ღამე ენმ-ს დანაშაული – ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე

“დღე იყო ჩვენი შეცდომა, ღამე ენმ-ს დანაშაული”- ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე 2019 წლის 20 ივნისს. მისი თქმით, 20 ივნისის დღე ხელისუფლების შეცდომა იყო ხოლო ღამე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანაშაული.

“20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისი ღამე ნაციონალური მოძრაობის დანაშაული. ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოება თავადაც უწყის”, –  განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

2019 წლის 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა, მანამდე სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. მთავრობა ამტკიცებს, რომ შეკრებილები პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.