ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა იხსნება, რომელიც წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. რიგი ქვეყნები დღის წესრიგში კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიების საკითხის შეტანას მოითხოვენ.

ასეთი წინადადებით გამოდიან ევროკავშირის ქვეყნები. ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია კი ამ ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავენ. ისინი მოითხოვენ პასუხებს: გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა მსოფლიოს Covid19-ის პანდემია აეცილებინა, რომელმაც 4.5 მილიონი ადამიანის დაინფიცირება და 300 ათასზე მეტი ადამიანის ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ასამბლეაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფლებამოსილების გაფართოების საკითხიც განიხილება. მონაწილე ქვეყნები განიხილავენ საკითხს, ორგანიზაციისთვის გადამდები დაავადებების აფეთქების კერებში შემოწმებისთვის საკუთარი ინსპექტორების გაგზავნის უფლების მინიჭების შესახებ.

აპრილში ჯანმო აშშ–სა და ჩინეთს შორის ურთიერთბრალდებების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის აფეთქების დამალვაში ეხმარებოდა. აშშ–მ ჯანმო–ს დაფინანსებაც კი შეუწყვიტა.

ორგანიზაცია ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ არ აქვს უფლებამოსილება ქვეყნების მთავრობებს ინფორმაციის გამჟღავნება აიძულოს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი თვლის, რომ მას “პოლიტიკური ფეხბურთისთვის“ იყენებენ.