ევროკავშირმა კიევს, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს

ევროკავშირი განიხილავს სანქცირებული მსხვილი რუსი ბიზნესმენების აქტივების გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის,- ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო “ბლუმბერგი” იტყობინება.

აღნიშნული ინიციატივა ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა და ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ თუ როგორ მოხდება ამ თანხების განკარგვა.

აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა, მხოლოდ ის თქვა, რომ ამ დროისთვის თანხები გაყინულია.

როგორც იტალიის მთავრობის ანგარიშებიდან ირკვევა, გაყინული აქვს დაახლოებით 780 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები.  ზომები შეეხო რუსი ოლიგარქების კუთვნილ იახტებს, კერძო თვითმფრინავებსა და უძრავ ქონებას. ევროკავშირის მიერ დღემდე დაწესებული სანქციები რუსეთის 877 მოქალაქესა და 62 კომპანიას შეეხო.