ევროპარლამენტარების განცხადება განსაცვიფრებელია – გია ვოლსკი ვიზიტის ჩაშლაზე

“ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს”, – ასე ეხმაურება,  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას.

“თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.” – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.