ევროპაში ბარები და რესტორნები იხსნება. ნახეთ რა შეზღუდვებს აუქმებენ სხვადასხვა ქვეყნები

ორშაბათიდან შეზღუდვების მოხსნას განაგრძობენ ევროპა და აშშ–ს რიგი შტატები. იტალიაში რესტორნები, კაფეები, ბარები და საპარიკმახერო სალონები იხსნება. განახლდება ტაძრებში მსახურება, თუმცა მრევლისთვის ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულოა.

ესპანელებს უფლება მისცეს 10 ადამიანამდე ჯგუფებად შეიკრიბონ. თუმცა შეზღუდვები ძალაში რჩება მადრიდსა და ბარსელონაში. ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვერანდებზე.

ბელგიაში დაწყებით და საშუალო კლასებში სწავლა განახლდა. შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნიან პორტუგალიაში, საბერძნეთში, დანიასა და ირლანდიაში.

აშშ–ში შტატების უმრავლესობამ შეზღუდვები უკვე მოხსნა, ან უახლოეს მომავალში მოხსნის. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც კარანტინიდან თანდათანობით გამოდიან, ათობით ამერიკულ შტატში დაუყოვნებლივ გაიხსნა ტატუ სალონები, სავარჯიშო დარბაზები, ბარები და სხვა ადგილები, რომლებიც სოციალურ იზოლაციასთან შეუთავსებელია. კვირას გამოცემამ US Today გააკეთა რეპორტაჟი ვაიომინგის შტატის სტრიპტიზ კლუბიდან, რომელმაც მუშაობა განაახლა. სტრიპტიზის მოცეკვავეები სცენაზე ნიღბებით გამოვიდნენ.