ევროპელები უკრაინას 23 თებერვლის საზღვრებთან შეჩერებისკენ უბიძგებენ – გენერალი

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ შესაძლებელია ომი რუსეთის დაშლით დასრულდეს, თუმცა “რაც უფრო დიდია უკრაინის სამხედრო წარმატება, მით მეტია დასავლეთის ქვეყნების ზეწოლა უკრაინაზე, მათ შორის, საფრანგეთით, გერმანიის, იტალიის”.

“რადგან, მათი აზრით, რუსეთს სჭირდება სახის გადარჩენა. თუ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ, ევროპელები უკრაინას 23 თებერვლის საზღვრებთან შეჩერებისკენ უბიძგებენ. ისინი არ არიან დაინტერესებული ჩვენი ტერიტორიების – ყირიმისა და დონბასის სრული გათავისუფლებით”,– განაცხადა გენერალმა.

იგორ რომანენკოს აზრით, შეერთებული შტატების პოზიცია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

“რამშტეინში გამართულ 46 თავდაცვის მინისტრის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რუსეთის დასუსტების იმ დონემდე, რომ მან აგრესია ვერ განახორციელოს. პირველ რიგში, ეს ამერიკელებს უნდათ. ევროპელებს სჭირდებათ რუსეთის დასუსტება, მაგრამ არა ამდენად, რადგან ზოგიერთი ქვეყნის ელიტა პუტინმა იყიდა გაზით. ახლა კი მათ იყენებს ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად”,– აღნიშნა გენერალმა.

მისივე შეფასებით, ომი გაჭიანურდება, თუ პარტნიორებისგან იარაღის მიწოდება შეფერხდება.