ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 50 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროპის საინვესტიციო ბანკი ვაქცინებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად საქართველოს 50 მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს.

“აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად  2020 წელს გამოყოფილ 210 მილიონ ევროს.

ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მეორე ყველაზე მსხვილი თანხა”,– აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ხელშესაწყობად ასევე გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფში შემავალი ევროპის საინვესტიციო ფონდიდან დამატებით 250 მილიონი ევრო გარანტიების სახით გამოყოფა.

“გარანტიები უზრუნველყოფილია InnovFin–ის – ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებში”,– აღნიშნავს ევროპის საინვესტიციო ბანკი.