ევროპის ქვეყნები პლაჟებს ხსნიან

მსოფლიოში ამ დროისთვის Covid19-ით 313 000 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4.7 მილიონს გადააჭარბა.

ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ექსპერტებს აქვს საფუძველი ივარაუდონ, რომ რეალობაში ეს ციფრები ბევრად უფრო მაღალია.

ამავე დროს, ბევრ ქვეყანაში ახალი დაინფიცირების შემთხვევები იკლებს და კარანტინი მსუბუქდება. საფრანგეთში, იტალიაში და საბერძნეთში ასობით პლაჟი გაიხსნა, თუმცა შეზღუდვებით. გარდა ამისა, იტალიამ განაცხადა, რომ 3 ივნისიდან საზღვრების გახსნის და ქვეყანაში გადაადგილებას აღადგენს. გერმანიაში კი შაბათს განახლებული ბუნდესლიგის ექვსი მატჩი ჩატარდა.

საფრანგეთში და იტალიაში ასობით პლაჟი გაიხსნა, თუმცა ზღვაზე მოხვედრის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ადამიანები იძულებული გახდნენ საათობით მოეცადათ რიგში, რათა სოციალური დისტანცირების მოთხოვნები დაეცვათ.

საფრანგეთის ხელისუფლება მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ პოლიცია დამსვენებლებს დაშლის, თუ პლაჟებზე ხალხმრავლობა და სიმჭიდროვე იქნება.

ზოგიერთი პლაჟი გახსნა საბერძნეთმაც, სადაც ტურისტული სფერო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში. თუმცა საბერძნეთში შეზღუდვები და აკრძალვები ნარჩუნდება.

შაბათს ქვეყნის 500–მდე პლაჟი გაიხსნა, თუმცა მზეზე გარუჯვის მსურველებს სოციალური დისტანცირების წესების დაცვა მოეთხოვებათ: 1000 კვადრატულ მეტრზე 40 ადამიანზე მეტი ერთდროულად არ უნდა იყოს. პლაჟის ქოლგები ერთმანეთისგან 4 მეტრზე მაინც უნდა იყოს დაშორებული, შეზლონგებს შორის დაშორება კი მინიმუმ 1 მეტრი უნდა იყოს.

საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა, კირიაკოს მისოტაკისმა განაცხადა, რომ იმედი აქვს  ქვეყანაში ივლისში ტურისტული სეზონი გაიხსნება.