ევროპული საბჭო მზად არის პრიორიტეტების შესრულების შემდეგ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი – რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელიდან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპული საბჭოს დოკუმენტის სამუშაო ვერსიის თანახმად, საბჭო მზად არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ჩამოწერილი რეკომენდაციები შესრულდება.

საბჭო გადაწყვეტილებას ოფიციალურად 24 ივნისს მიიღებს, თუმცა უკვე წინასწარ ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკრაინისა და მოლდოვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ანუ ევროპული საბჭო მათ კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, საქართველოსთვის კი იგივე დათქმებს დატოვებს ძალაში, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებშია გაწერილი – ჯერ პირობების შესრულება და შემდეგ კანდიდატის სტატუსი.

ევროპული საბჭოს ბოლო სამუშაო ვერსიის თანახმად, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მოიპოვა: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება”.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.