ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ ალი უზდენოვი თბილისში ღარიბაშვილს შეხვდა

ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მისი თქმით, მათ “მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით” ისაუბრეს.

“ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას კითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ერთმანეთს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი ესაუბრებიან. საუბარი 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება.