ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას თენგიზ ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებას, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს, მკრეხელობას უწოდებს.

“რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს “ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “პირველ არხთან” საუბრისას.

ცერცვაძე ადასტურებს, რომ კლინიკამ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა. ის ასევე ადასტურებს იმასაც, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობის გამო, თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეიდან კოვიდითა და შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღების აჩერებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პროგრამიდან გასვლის შესახებ შეუტყობინებლობა ჯარიმას ითვალისწინებს.