ეკვადორში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც ამაზონიის გათხრების ისტორიაში უდიდესია

ამაზონის აუზში უზარმაზარი უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს რომელიც ათასწლეულების განმავლობაში მცენარეებით იყო დაფარული

მეცნიერთა აზრით, აღმოჩენა მნიშვნელოვნად შეცვლის აქამდე არსებულ  წარმოდგენებს ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესახებ.

ქალაქი განლაგებულია აღმოსავლეთ ეკვადორში, უპანოს ველზე, რომელიც ვულკანის ჩრდილში მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, დიდი წარმატებაა, რომ ვულკანმა არ გაანადგურა მრავალი ათასწლეულების განმავლობაში აქ მცხოვრები თემების ცხოვრება.

სამხრეთ ამერიკის მთიანეთის სხვა უძველესი დასახლებების კვლევების საფუძველზე, ადრე ითვლებოდა, რომ ეს ადგილები მომთაბარეებით იყო დასახლებული. ყველა მათგანი, მათ შორის პერუში ცნობილი მაჩუ-პიქჩუ, შედარებით მცირე და  ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით მარტივი იყო.

უპანოს აღმოჩენამ მეცნიერები გააოცა გზებისა და არხების რთული ქსელით, რომლებიც  ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს აკავშირებენ.

არქეოლოგები თვლიან, რომ ქალაქი  დაახლოებით 2500 წლის წინ აშენდა და დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში იყო ხალხით დასახლებული.

მეცნიერთა აზრით, ძნელია ზუსტად შეაფასო რამდენი ადამიანი ცხოვრობდა აქ ერთდროულად, მაგრამ აუცილებლად მინიმუმ 10 ათასი ადამიანი (ზედა ზღვარი 100 ათასამდეა).

გათხრები  300 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის სხვადასხვა უბანზე ჩატარდა. თუმცა ტერიტორიის ნაწილი სამუშაოდ ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა იმის გამო, რომ მცენარეებით მჭიდროდ იყო დაფარული.

შემდეგ, LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით – თვითმფრინავის ბორტზე დაყნებული ლაზერული სენსორებით – ეს ადგილები ერთმანეთთან დააკავშირეს და მიიღეს უძველესი ქალაქის ნანგრევების საერთო სურათი.

”ეს ადგილი უფრო ძველია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჩვენთვის ცნობილი ქალაქი ამაზონში. აქამდე, სხვა კულტურებისა და ცივილიზაციების შესახებ ჩვენი გაგება განპირობებული იყო ჩვენი ევროპული შეხედულებებით განვითარების მექანიზმების შესახებ, მაგრამ ეს აღმოჩენა გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი მიდგომა“, – ამბობს პროფესორი სტეფან როსტეინი, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS)  კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი. რომელიც ხელმძღვანელობდა ექსპედიციას ეკვადორში.

„უმრავლესობის აზრით, ეს ტერიტორია დასახლებული იყო ადამიანთა მცირე ჯგუფებით, რომლებიც, სავარაუდოდ, შიშვლები დადიოდნენ, ქოხებში ცხოვრობდნენ და მიწას ამუშავებდნენ. მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უძველესი ხალხი ცხოვრობდა რთულ ურბანულ თემებში“, – ამბობს კვლევის თანაავტორი ანტუან დორისონი.

მკვლევარებმა პირველად აღმოაჩინეს ქალაქის არსებობის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში. სამუშაოს 40 წელზე მეტი დასჭირდა, მისი დასრულება მნიშვნელოვნად დააჩქარა  ბოლო წლებში გაჩენილმა ახალმა ტექნოლოგიებმა.

საოცარი აღმოჩენა

LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს 6 ათასი მართკუთხა თიხის პლატფორმა – თითოეული მათგანის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე 10 მეტრი და სიმაღლე 2-3 მეტრი.

ისინი განლაგებულია სამიდან ექვს ერთეულამდე  ჯგუფებად  არიან განლაგებული მთავარი მოედნის გარშემო, რომლის ცენტრში ერთი დიდი პლატფორმა ჩანს.

მეცნიერთა აზრით, ყველა ეს პლატფორმა არის ყოფილი სახლებისა და ცერემონიული დაწესებულებების საფუძველი. მათი უმეტესობა აგებულია კლდეებში ჭრით.

ერთ-ერთი ასეთი კომპლექსი კილამოპის ტერიტორიაზე მოიცავს 140 მეტრი სიგრძისა და 40 მეტრი სიგანის პლატფორმას.

ყველა კომპლექსი ერთმანეთთან დაკავშირებულია სწორი გზების ქსელით, რომელთაგან ერთი 25 კილომეტრზე ვრცელდება.

ანტუან დორისონის თქმით, ეს გზები აღმოჩენის ყველაზე საოცარი ნაწილია.

„გზის ქსელი ძალიან რთულია. ის უზარმაზარ მანძილზე ვრცელდება, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. და არის სწორი კუთხეები, რაც ძალიან შთამბეჭდავია“, – ამბობს ის და განმარტავს, რომ სწორი გზის აშენება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ლანდშაფტზე მორგებულის.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს კაშხლები ორივე მხრიდან თხრილებით, რომლებიც, მათი აზრით, გამოიყენებოდა რეგიონის უხვი წყლის რესურსების სამართავად.

თხრილები ასევე გამოიყენებოდა ზოგიერთ დასახლებამდე მისასვლელად, რაც მეზობელი დასახლებების მხრიდან საფრთხის არსებობაზე მიუთითებს.

მეცნიერთა აზრით, ეს ყველაფერი მიუთითებს აქ მცხოვრებ დიდ და განვითარებულ თემზე, რომელიც ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ყველაზე დიდია არა მხოლოდ სამხრეთ, არამედ ცენტრალურ ამერიკაშიც – უფრო დიდი ვიდრე მექსიკური მაია.

„წარმოიდგინეთ, რომ აღმოაჩინეთ მაიას მსგავსი სხვა ცივილიზაცია, მაგრამ სრულიად განსხვავებული არქიტექტურით, მიწათსარგებლობით, კერამიკით“, – ამბობს ხოსე ირიარტე, არქეოლოგიის პროფესორი ექსეტერის უნივერსიტეტში.

აღმოჩენილი ქალაქის მშენებლობის ზოგიერთი თავისებურება უნიკალურია სამხრეთ ამერიკისთვის, მაგალითად, რვაკუთხა საძირკველი ან საძირკვლების ჯგუფურად განლაგება, განმარტავს არქეოლოგი.

მისი თქმით, ეს საზოგადოება აშკარად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ბევრი რამ არ არის ცნობილი ამ ადგილებში მცხოვრები ხალხის შესახებ.

მეცნიერები მათ კილამპეს და უპანოს უწოდებენ, ტერიტორიის სახელის მიხედვით.

ისინი, სავარაუდოდ, ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, ჭამდნენ სიმინდს და ტკბილ კარტოფილს და, ალბათ, სვამდნენ ჩიჩას, ტკბილ ლუდს.

ზოგან აღმოჩენილია ორმოები და კერები, ქილები, მცენარეების დასამტვრევი ქვები და დამწვარი თესლის ნაშთები.

კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ როსტეინის თქმით, მისი კარიერის დასაწყისში კოლეგებმა გააფრთხილეს იგი ამ კვლევისთვის თავი აერიდებინა, რადგან ითვლებოდა, რომ ამ ადგილებში უძველესი ხალხები არ არსებობდნენ.

”მაგრამ მე ძალიან ჯიუტი ვარ და ეს მაინც გავაკეთე. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი აღმოჩენა გავაკეთე“, – ამბობს ის.