ეკლესიამ გადაჭარბებით შეაფასა თავისი ძალა და წააგო – გია ნოდია პანსიონზე

პოლიტოლოგი გია ნოდიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონის პრობლემა პოლიტიკური და მორალური პრობლემაა, რომელსაც გამოძიება სჭირდება.

“მაგრამ საკმარისი ვიცით ამის სათქმელად: ის, რაც აქ ხდებოდა, აბსოლუტურად მიუღებელი და აღმაშფოთებელია. ნორმალურმა საზოგადოებამ ეს არ უნდა მოითმინოს.

ოღონდ, როგორც ვიცით, ასეთი რამე – „საზოგადოება“, არ არსებობს. არსებობენ ადამიანები და ინსტიტუტები: ეკლესია, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო, სახალხო დამცველი, მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (გაყოფილი თავის სამოქალაქო და ანტისამოქალაქო ნაწილებად) და ა. შ. „საზოგადოებამ ვერ უნდა მოითმინოს“ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულმა აქტორებმა რაღაცა უნდა იღონონ. რომ იღონონ, ღონე უნდა ჰქონდეთ: საბოლოო ჯამში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის მეტი ძალა, გამბედაობა, ენერგია, ჭკუა აღმოაჩნდება. ამიტომაა ეს პოლიტიკური საკითხი”,– წერს ნოდია.

მისი განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ისტორია ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შეიძლება. ნოდიას აზრით, ეკლესიამ ამ ეტაპზე “წააგო”.

“ეკლესიამ გადაჭარბებით შეაფასა თავისი ძალა და, ამ ეტაპზე მაინც, წააგო. მას ეგონა, რომ შეუძლია „დაიკიდოს“ სახალხო დამცველი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ მთავრობა და „ხალხი“ მის მხარესაა. ვერ გათვალა. სასამართლომ გაბედა და ეკლესიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა. არ ვიცი, კონკრეტული მოსამართლის ვაჟკაცობაა ეს თუ მთავრობამ ფარული დასტური მისცა, მაგრამ ეკლესიისთვის ეს სერიოზული მარცხია.

ეკლესია, ჩანს, ვერ ხვდება, რომ ის სტრატეგიულადაც მარცხდება. მისი ძალა საბოლოოდ მორალურ ავტორიტეტზეა დამოკიდებული, ხოლო ბავშვებზე ძალადობა (მათ შორის სექსუალური) და ასეთი ძალადობისთვის ხელის დაფარება უმაღლესი იერარქების მიერ ისჯება მორალური ავტორიტეტის დაცემით. ვიცი და მესმის, ბევრ ადამიანს უფრო დიდი საერთო-სახალხო აღშფოთება უნდა. მაგრამ ასეთი რაღაცეები ერთბაშად არ ხდება. ეკლესიის ავტორიტეტის ეროზია დაწყებულია, ეს სკანდალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. საპატრიარქო ამას ვერავის დააბრალებს, გარდა საკუთარი თავისა”,– აღნიშნავს გია ნოდია.

პოლიტოლოგის აზრით, ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლება და “ანტისამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებაც” აგებს.

“ირაკლი კობახიძემ პირდაპირ გაგვანდო მისი ძირითადი მოტივი: მას ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა (არ დაუზუსტებია, რატომ: მის გარეშე არჩევნებს ვერ იგებს). შეიძლება, ურთიერთობა ამის შემდეგაც შეინარჩუნოს, მაგრამ გამოდის, რომ მთავრობა მაინც ვერ იცავს ეკლესიას. რთულ მდგომარეობაშია: როგორ გინდა, ბავშვის გაუპატიურებას ბოლომდე ხელი დააფარო. ორივესთვის, პარტნიორობის ფასი მცირდება.

ანტისამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებაც აგებს, რადგან მთავარი კოზირი – ეკლესიის როგორც მორალური ტრადიციების დამცველის მითი, თვალსა და ხელს შუა უქარწყლდება. ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ რომელი გამოდის ახლა „პიდარასტი“ (მათივე გაგებით)? ამიტომაც გააქტიურდნენ – მაგრამ რას აღწევენ?”,– წერს გია ნოდია.

ის ნინოწმინდის პანსიონის პრობლემის გადაჭრაში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის.