მთავრობა ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერას” კონტრაქტს აღარ გაუწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანიას სახელმწიფო საძიებო ტერიტორიების მხოლოდ 1%-ზე მუშაობის უფლებას დაუტოვებენ, რადგან დარჩენილი 99% საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა.
„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს ‘ფრონტერა’-სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა”, – აცხადებს სამინისტრო.
მათი მტკიცებით, გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული, რათა “რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა”
„ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ ეს მისცემს ფრონტერას საშუალებას “აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებაზე” და ამის ნაცვლად, “სასურველია კონცენტრირება მოახდინოს” ვალდებულებების შესრულებაზე.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკულ კომპანია ფრონტერას შორის დავა წლებია გრძელდება. ამან კონგრესმენების კრიტიკა გამოიწვია, რის გამოც 16 მაისს 6-მა სენატორმა და კონგრესმენმა, სენატორ ტედ კრუზის მონაწილეობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს მიწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზე იყო საუბარი. ისინი მაგალითად, ფრონტერას ასახელებდნენ.
მთავრობა კონგრესმენების კრიტიკას მათ ბიზნესინტერესებსა და ლობისტების მუშაობას უკავშირებს.
საწვავის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა” საქართველოში 1997 წელს შემოვიდა.