ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გენერალურ პროკურატურაში პატრიოტთა ალიანსის დაფინასებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.
ხოშტარიამ პროკურატურას ცენტრ “დოსიეს” ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე დაყრდნობით მიმართა, რომლითაც, მისი თქმით, ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს კრემლი წინასაარჩევნოდ აფინანსებს.
“საგამოძიებო მასალა, რომელიც გახდა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელსაც სჩადის “პატრიოტთა ალიანსი”. აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან “პატრიოტთა ალიანსს” საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში “პატრიოტთა ალიანსი” იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ არის ორ ეპიზოდზე საუბარი: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით”, – განაცხადა ელენე ხოშტარია.
მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსი “ქართული ოცნების” სატელიტია.
“ეს რუსეთის მხრიდან ახალი არ არის. რუსეთი ძალიან ბევრ ქვეყანაში ცდილობს ჩაერიოს წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ქვეყნებში, რომელსაც ღირსეული მთავრობები ჰყავს, ამ საქმეზე მიდის ძალიან დეტალური გამოძიება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” არაერთხელ იყო პირდაპირ ალიანსში “ პატრიოტთა ალიანსთან”. შეგვიძლია კონკრეტული ფაქტი გავიხსენოთ – სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინ გაცხადებული მათი კავშირი და ერთად მოქმედება და ბევრი სხვა ეპიზოდი.
გასაგებია, რომ ისინი მათი სატელიტები არიან, მაგრამ ეს საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს. რუსეთის ამოცანაა ქვეყნის დესტაბილოზაცია, შუღლის გაღვივება და დასავლეთის დისკრედიტაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება მივმართეთ კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ანგარიშში მოყვანილ საზარელ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცენტრმა “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან 8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.
ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.