ელისაშვილი არ უნდა გახდეს ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი – პაატა მანჯგალაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ორი ტიპი ოპოზიცია არსებობს – “ერთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, ეს სჭირდება საქართველოს და ჩვენს მომავალს, და მეორე, რომელიც საფუძველს ეძებს, რომ ჩაიშალოს ეს შეთანხმება”.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მის პოზიციას, არ უნდა გახდეს ზეწოლის მსხვერპლი.

“რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებებს, ერთი პარტიის წარმომადგენლისგან, მეორე პარტიის წარმომადგენლისთვის მითითების მიცემა ან შეფასება, არ მგონია, სწორი. ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. მე შეიძლება არ მომწონდეს, რაც ალეკო ელისაშვილმა თქვა, ვეთანხმებოდე, ან არ ვეთანხმებოდე, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია, ვთქვა, რომ არ ვეთანხმები მის მიმართ დამოკიდებულებას. იმის გამო, რომ ადამიანს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება, ის არ უნდა გახდეს დამუშავებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი”, – განაცხადა მანჯგალაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, “სტრატეგია აღმაშენებელიც” იმ აზრზე იქნება, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდება, თუმცა საკუთარი აზრი და დღის წესრიგი აქვთ.