ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი, ის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის სპიკერია.

“ბატონი ელისაშვილი აღარ არის ოპოზიციის ნაწილი. ეს გააფორმა მან თვითონ. ის არის ივანიშვილის რეჟიმის სპიკერი. მას ჩვენ არ დავუძახებთ. კობახიძესთან ერთად მობრძანდეს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ ერთეულს ვერაფერს ავუკრძალოთ. ჩვენთან უკვე რა კონსულტაცია უნდა ჰქონდეს”. – თქვა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, თუ ქართული ოცნება ხვალ მოლაპარაკებას ჩაშლის, ქართულ ოცნებას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ოპოზიციასთან ერთად რიგგარეშე არჩევნებზე მსჯელობა.

“თუ ისინი ამ ეტაპზე ჩაშლიან მოლაპარაკებებს, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და საუბარი იმაზე, როგორ ჩავატაროთ ნორმალური ვადამდელი არჩევნები. ამის ალტერნატივა არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ივანიშვილისთვის დამღუპველი”. – ამბობს ის.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მე–5 რაუნდი, სავარაუდოდ ხვალ, 14 დეკემბერს გაიმართება.