ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება – მიხეილ რამიშვილი

ეს არის მიზანმიმართული, დავალების შესრულება. თითქოს ელოდებიან, როდის დადგება ფატალური შედეგი და დეკანოზის სიცოცხლე როდის დასრულდება, ვერ მოესწრებიან! – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა, როდესაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა.

„ეს მიზანმიმართულად ხდება, სასამართლომაც არ გაითვალისწინა ექსპერტების დასკვნა და დატოვა იმ გარემოში, სადაც წარმოუდგენელია, რომ მას მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ვერ ახერხებენ მის მკურნალობას. წართმეული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, გადაადგილება, ჯდომაც არ შეუძლია. 4-5 სანტიმეტრით აქვს ხელ-ფეხი შევიწროვებული. კაბალურ მდგომარეობაშია ადამიანი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ეს არც გამიკვირდებოდა, აღარ ვსაუბრობ საპატრიარქოზე და პრეზიდენტზე. არაერთი მიმართვა გვქონდა შეწყალებაზე. აღარ ვსაუბრობ ასევე სასამართლოზე, როგორც პირველი ინსტანციაზე, ასევე აპელაციამაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, როდესაც მიმდინარეობდა შუამდგომლობები სასჯელის გადავადებაზე, რომ მომხდარიყო მკურნალობის პროცესი იმ პირობებში, რა პირობებშიც უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას.