ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე-ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებს აფართოებს

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებს აფართოებს. წევრი ქვეყნების ელჩები უკვე შეთანხმდნენ რეგულაციის პროექტზე, რომლის საშუალებითაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი განახლდება. რეგულაციების მიზანია, ევროკავშირი გაუმკლავდეს შემთხვევებს, როდესაც უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ევროკავშირის ინტერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. განახლებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:

თუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მდგომარეობა შეუსაბამოა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, ევროკავშირის მსგავსად არ იცავს სავიზო რეგულაციებს. ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობის გაზრდა. ინვესტორის მოქალაქეობის სქემის არსებობა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მინიჭება ხდება მესამე ქვეყანასთან სარწმუნო კავშირის დადასტურების გარეშე, წინასწარ განსაზღვრული გადასახადებისა და ინვესტიციების სანაცვლოდ. ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ასევე შეძლებენ ამ ქვეყანასთან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. არსებობს შემდეგი საფუძვლებიც: მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეების რაოდენობის არსებითი ზრდა, რომელთაც უარი ეთქვათ (შენგენის ზონაში) შესვლაზე ან დარჩნენ დასაშვებზე ხანგრძლივი პერიოდით. მესამე ქვეყნის მოქალაქეებისგან თავშესაფრის მოთხოვნით უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის არსებითი ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია.

შეეხება თუ არა ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გაფართოებული საფუძვლები საქართველოს. რეგულაციის პროექტი მინიმუმ სამ ისეთ კრიტერიუმს შეიცავს, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს. ევროპელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თავსებადობის ხარისხი დაბალია. 26 თებერვალს მსგავსი განცხადება პაველ ჰერჩინსკიმაც გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაბალია.

ამავე შინაარსის განცხადება 2023 წლის 7 სექტემბერს საქართველოში ვიზიტისას გააკეთა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ჟოზეფ ბორელმა ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი“.

„ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი და ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. გიდასტურებთ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს. საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნისადმი მოთხოვნაც ეს არის“.-თქვა მაშინ ბორელიმ.

კიდევ ერთი კრიტერიუმი რის გამოც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გაფართოებული საფუძვლები შეეხოს არის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისგან თავშესაფრის მოთხოვნით უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის არსებითი ზრდა. 2022 წელს EU-ში თავშესაფარი საქართველოს 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 108%-ით მეტია.

სწორედ თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც გერმანიამ 2023 წლის 30 დეკემბერს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ გადაწყვეტილებით, გერმანია ბევრად უფრო სწრაფად შეძლებს საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაციას, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ. მათი განაცხადები უფრო სწრაფად დამუშავდება და უარის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს გერმანიიდან უფრო სწრაფად გააძევებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული. ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი, ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას. გერმანიის შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218 მოქალაქემ. განაცხადების 99,9% არ დაკმაყოფილდა.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა 9-დან 12 თვემდე იზრდება, თუმცა ეს ვადა შესაძლოა დამატებით 24 თვითაც კი გაგრძელდეს. შეჩერების ფაზაში ევროკომისია მესამე ქვეყანასთან აწარმოებს დიალოგს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსასწორებლად. გამოსავლის არარსებობის პირობებში, ევროკავშირს საშუალება აქვს, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირის ელჩების ინიციატივის საბოლოო საკანონმდებლო ტექსტზე ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები პარლამენტთან უნდა შეთანხმდნენ.