ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში მუშაობას იწყებს

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო მუშაობას იწყებს.

მისივე თქმით, მათი ფრაქციის მთავარი მიზანი იქნება მესამე პრეზიდენტის შესახებ საგამოძიებო კომისიაზე მუშაობა და იმის მხილება, თუ როგორ მოექცა სისტემა მიხეილ სააკაშვილს.

“გვინდა, საზოგადოებას საჯაროდ ვაუწყო პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ჩვენი ფრაქციის მიერ სტრატეგიას საგაზაფხულო სესიაში საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტია არის მრავალათასიანი ორგანიზმი, ძალიან ბევრი მხარდამჭერით და სხვადასხვა მოსაზრებებით. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური მსჯელობა პარტიის შიგნით, მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებთან.

როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთასხვადასხვაობა, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს.

პირველ რიგში, მოგეხსსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობისა და გამოწვევის წინაშე – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში დატყვევებული რეჟიმის მიერ. ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი, თუ როგორ მოექცა მას სახელმწიფო ინსტიტუტები არაერთხელ და ამისთვის ჩვენ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. დღესვე დარეგისტრირდება”,– თქვა დეკანოიძემ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ პარტია პარლამენტში იმუშავებს ანტიკორუფციული მიმართულებითაც.