ენმ-მ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, აშშ-ს – ღარიბაშვილი 19 აპრილის შეთანხმებაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვების მიზეზი ის იყო, რომ ქართული ოცნება ვალდებულებებს “ცალმხრივად ასრულებდა”. მან შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა.

“დამშვიდდით, ჯერ დამშვიდდით, მშვიდად ხართ? ძალიან კარგი. ესე იგი, მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული. ჩვენ 100 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ.

აქვე მინდა დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტი მიშელის მიმართ. მან ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდაპოლიტიკური სიტყუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა ნაციონალურმა მოძრაობამ სააკაშვილის დავალებით”,– ამბობს ღარიბაშვილი.

ის საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდებს და რეფორმების გაგრძელებას ჰპირდება.

“ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას. სრული იგნორი განახორციელეს. შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. მე მინდა ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა”,– განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.