ქართულ ოცნებაში ეხმიანება ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს გახარიას პარტიის წევრის არჩევას. სოზარ სუბარის თქმით, “ოფიციალურად გაფორმდა” კოალიცია ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია “საქართველოსთვის” შორის.
“მოგეხსენებათ, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და ნაციონალური მოძრაობა საერთო თამაშს თამაშობდნენ. საკუთარი ქმედებებით გიორგი გახარია ენმ-ს წისწქვილზე ასხამდა წყალს. დღეს ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია “საქართველოსთვის” და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია”,- ამბობს სუბარი.
მისივე განცხადებით, “დადასტურდა ტყუილი, რომ თითქოს გახარიას პარტია ენმ-სთან კოალიციას გამორიცხავდა”.
სუბარი აღნიშნავს, რომ ამ ორ პარტიას კიდევ ექნებათ მცდელობა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი “ალიანსი” შექმნან.
“თუმცა ვარწმუნებთ მოსახლეობას, რომ მათი ეს მცდელობები კრახისთვისაა განწირული და ქართული ოცნებაა იმის გარანტი, რომ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონების განვითარებას საფრთხე არ შეექმნება”,- აღნიშნავს სუბარი სპეციალურ ბრიფინგზე.
ჩხოროწყუ გახდა ქვეყნის პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი აირჩიეს.
დღეს თავმჯდომარედ დეპუტატებმა გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა წურწუმია აირჩიეს.