“ნაციონალურ მოძრაობაში ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო შარშან ამ დროს. შარშან იანვრის თვეს, როცა ელექტრონულ ფორმატში აირჩა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მე მაშინ ჩემს პროგრამულ სიტყვაში ვთქვი, თუ რა არის გასაკეთებელი და მალევე შევუდექი მეგობრებთან ერთად პარტიაში რეფორმების გატარებას. მცირე ნაწილი გატარდა და მალევე აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოჩენის დიდი სურვილი არ მქონდა. […]

მე პარტიის წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ პარტიის რეორგანიზაციასა და რეფორმირებაში. ეს ეხება არა მხოლოდ საკადრო რეფორმებს, არამედ ხედვის კორექტირებასაც. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა ისწავლოს ყოველდღიური მუშაობა.

ქართულ პოლიტიკაში ყველა პარტია არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე აქტიურდება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა გაზარდო. თუ გვინდა ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოვიმხროთ და ჩვენში დაინახონ ალტერნატივა, პრაქტიკულად, ყოველდღე უნდა ვიყოთ საარჩევნო რეჟიმში.  უნდა ვემზადოთ გადამწყვეტი ეტაპისთვის. იქნება რიგგარეშე არჩევნები? მხოლოდ და მხოლოდ გაგვიხარდება.

პოლიტიკური საბჭო არის მნიშვნელოვანი ორგანო, პარტიის პარლამენტი, სადაც მნიშვნელოვანი აზრები, იდეები, ინიციატივები იბადება, დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს, ამის შემდეგ კი ხალხის საჭიროებაზე მორგებული წინადადებები აღმასრულებელ რგოლში გადადიოდეს.

ინფრასტრუქტურული მონოლითი არის ასაშენებელი.

ცენტრალური აპარატი არ არსებობდა. აი, ფილმი რომ არის, “მარტო სახლში”, დაახლოებით ასე ვიყავი პარტიაში გადანაწილებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ყველა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო აუთვისებელი და რეალობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილებების აუცილებლობა დადგა.

მომდევნო პერიოდში იქნება იმაზე მეტი ცვლილება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. იქნება მტკივნეული ცვლილებებიც, რეფორმა გულიხმობს მტკივნეულ ცვლილებებს, მაგრამ ორიენტაცია იქნება პროგრესსა და განვითარებაზე”

აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ფორმულას ეთერში.