ენმ-ს ხელწერაა ასეთი ინციდენტების მოწყობა და ძალადობა – თალაკვაძე მარნეულზე

ქართული ოცნების მეორე ნომერი, არჩილ თალაკვაძე მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ასეთი “პროვოკაციები” ოპოზიციის, განსაკუთრებით, ენმ-ს ინტერესში შედის.

“საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ ვის ინტერესებში შედის ასეთი პროვოკაციების მოწყობა. ჩვენ გუნდს, ქართულ ოცნებას აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და პოზიტიური საარჩევნო კამპანია. ადვილია დასკვნის გამოტანა თუ ვის ინტერესებში შედის ასეთი პროვოკაციები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ის ოპონენტები, განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობა, ვისი ხელწერაც იყო, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აი ასეთი ინციდენტების მოწყობა და ძალადობა. თუმცა, მე მაინც გირჩევდით, რომ დაელოდოთ გამოძიებას და ყველა იმ ადამიანს რომელსაც კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები და საჩივრები გააჩნიათ, მიბრძანდნენ და მიმართონ შესაბამის ორგანოებს”- თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრესიტაციის უფლებას არავის მიცემენ.

“ჩვენი პოლიტიკური ნება არის თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაცია მოახდინოს და ძალადობის ასეთი აქტებით სცადოს, რომ ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს,”- აცხადებს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა საზოგადოებრივი მაუწყევლის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუმტვრიეს. მთავარის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.