ერთად დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთონ – ცერცვაძის მიმართვა ექსპერტებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე სამედიცინო სფეროს ექსპერტებს მიმართავს, მოსახლეობის დარწმუნებაში დაეხმარონ, რათა მათ ვაქცინა გაიკეთონ.

ის NDI–ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, მოსახლეობის 41% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს. ცერცვაძის შეფასებით, ეს არ არის საკმარისი, რადგან “მოსახლეობის 60-65 პროცენტი აიცრას, რათა იმუნური ფენა შეიქმნას.”

ცერცვაძის თქმით, ანტივაქსერების მოძრაობის ფონზე სერიოზული მუშაობაა საჭირო.

“ანტივაქსერების მოძრაობა ძალიან ძლიერია. სერიოზული მუშაობა გვმართებს, ჯანდაცვას, სახელისუფლებო სტრუქტურებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კლინიკებს, ექსპერტებს. მოვუწოდებ მოსახლეობას, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის, მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც ჩვენთან პოლემიკაში ხშირად შემოდიან სხვადასხვა საკითხებზე, კოვიდპაციენტების მართვის, ტაქტიკის, თუ სტრატეგიის საკითხებზე, კი ბატონო, შემოვიდნენ პოლემიკაში, იყოს მსჯელობა სხვა საკითხებში, მაგრამ ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ ვაქცინაციის საკითხში იყოს ერთიანი პოზიცია, რამეთუ აქ 41% ძალიან ცოტაა”,– ამბობს ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის 60–65%–ის აცრა 100%–იან გარანტიას იძლევა, რომ ეპიდემიის შემდეგი ტალღა არ იქნება.

“მესმის, ვიღაცის ბუნებრივი სკეპტიციზმი, ვიღაცას რაღაც მოტივი აქვს, რომ ვაქცინა არ გაიკეთოს, აქ ჩვენ ყველამ ერთად შევეცადოთ, უთანხმოებები გადავდოთ სხვა საკითხების მოსაგვარებლად, ვაქცინაციას რაც შეეხება, ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული სამედიცინო შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. ქვეყანაში სამიზნედ ითვლება 60-65 პროცენტი. თუ ჩვენ მივაღწიეთ, რომ მოსახლეობის 60-65 პროცენტი აიცრა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, რასაც დაემატებიან ის პაციენტები, რომელთაც კოვიდი გადაიტანეს და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ. ეს იქნება 100 – პროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდგომი ტალღები არ იქნება“,- განაცხადა ცერცვაძემ.