ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით – კალოიანი

ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით – ასე ეხმაურება ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის მიღების შესახებ ინფორმაციას.

„ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მნიშვნელოვანია ამ პროცესის კარგი ორგანიზება. ტექნიკური სამუშაოები ჩატარებულია, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას.ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ სწორად და თანმიმდევრულად იმუშაოს მოქალაქეებთან, სპეციალურ, განსაკუთრებულ ჯგუფებთან, მაგალითად, როგორიც არის ეკლესია. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და პანდემიის შეჩერების ერთადერთი გამოსავალი.კარგი იქნება, თუ ხელისუფლება საჯაროს გახდის ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც შეეხება ამ კონკრეტული ვაქცინის ჯგუფებს, რათა მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ვაქცინის ეს პარტია უსაფრთხოა, წარმოებულია სანდო ქვეყანასა და ფარმაცევტულ დაწესებულებაში.ცალსახად ერთი სული გვაქვს, სამედიცინო პერსონალი როდის ავიცრებით, ძალიან ველოდებით. ეს პარტია, რაც შემოდის, სამედიცინო პერსონალისთვის არის და ძალიან დიდი პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, – აცხადებს კალოიანი.