ერთმანეთის მიმართ კინკლაობა სიბრიყვეა – ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებებზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურ მხარეს ნებისმიერი კინკლაობა მიუღებელია და ეს არის სიბრიყვე. ამ განცხადებით ვაშაძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენთვის, სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდისთვის არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კინკლაობა ოპოზიციურ მხარეს არის მართლაც არასწორი ქმედება. უფრო მეტსაც ვიტყვი, ეს არის სიბრიყვე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით რაიმე შედეგს მოიტანს საკუთარი თავისთვის, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არცერთხელ არ შევსულვართ ამ უაზრო პერიპეტიებში, რადგან ეს ხალხს არ აინტერესებს.

ხალხი წყვეტს იმას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ – არა, ბოლშევიზმში ხომ არ ვართ, რომ მე გადავწყვიტო, რომ ვიღაც უნდა იყოს და ვიღაც- არა, ეს არის ხალხის გადასაწყვეტი და მე ამ ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს, როცა ვაცხადებ, რომ ვაპირებ გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,“- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმე აპირებს პრემიერ-მინისტრი იყოს, საკუთარი გეგმები ხალხს უნდა წარუდგინოს.

„ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია, რომ არა მხოლოდ დაპირებები გავცეთ და აღმშენებლობის სტრატეგიაზე ვისაუბროთ, არამედ გაპიროვნებულად ვთქვათ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ დაპირებების შესრულებაზე. მე როგორც საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ვაპირებ შევქმნა 300 000 სამუშაო ადგილი, გავაიაფო წამლები მინიმუმ 30% -ით, ჩამოვწერო სესხებზე პროცენტი პენსიონერებისთვის, გავანახევრო პროცენტი ზოგადად ქართული ბიზნესისთვის, სასამართლო იყოს თავისუფალი, სხვა რას აპირებს და თუ ვინმე აპირებს იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჯერ უნდა გამოვიდეს და საკუთარი გეგმა და სტრატეგია წარადგინოს.

ცრუ დილემებს ნუ შევქმნით საარჩევნო კამპანიის დროს – ხალხმა უნდა იცოდეს ვინ რას აპირებს გააკეთოს ქვეყანაში, რა გუნდით აპირებს ამის გაკეთებას, ვინ იღებს პასუხისმგებლობას. საარჩევნო კამპანია ეს არის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო აირჩიოს, რომ ის პრობლემები, რაშიც შეგვიყვანა ივანიშვილის დამსხვრეული ოცნებების პარტიამ, გადავწყვიტოთ.

ერთმანეთის მიმართ კინკლაობა, მიმაჩნია, რომ არის სიბრიყვე, არასწორი და საერთო საქმეს სერიოზულად ხელს უშლის. ახლა უკვე ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართალია და ვინ მტყუანი ამ პროცესში,“- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციურ მთავრობაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყვნენ.