ერთ დონეზე რჩება COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა, ლოკალიზაციისკენ მივდივართ – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ერთ დონეზე რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ “სტაბილიზაციისკენ მივიდვართ”.

მისი თქმით, აჭარის გარდა, „ცხელ“ წერტილებში ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ალბათ, ხანმოკლე პერიოდი ეყოფა.

„ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე „ცხელ“ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთიდაიგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, რომ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი „ცხელი“ წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოსთან შედარებით ტესტების რაოდენობა გაორმაგებულია.

„აგვისტოს შუა რიცხვებში დაახლოებით 7 ათასი ტესტი კეთდებოდა დღის განმავლობაში და გაორმაგებულია ამ ტესტების რაოდენობა. 4-5 დღის წინ იყო ყველაზე მცირე რაოდენობა 11 128 ტესტი გაკეთდა. ორ დღეში გახლდათ 13 226 ტესტი. უფრო მზარდია ამ ტესტების რაოდენობა და არა კლებადი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 3 502 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.