ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა – ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა – ამის შესახებ, ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ განაცხადა. ექთანს ორი ჭრილობა აქვს: აქედან ერთი ლოყის არეში, სადაც შვიდი ნაკერის დადება დასჭირდა, მეორე კი ყელის არეში.

“ექთანი აკეთებდა შემოვლას. შეამჩნია, რომ პაციენტი სწუხდა. მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით”, – ამბობს ლოლუა.

შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. კერძო კლინიკაში კოვიდ პაციენტმა მორიგე ექთანს დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის და სახის არეში. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, კაცი გადაყვანილია მე-18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში.