,,უნიკალური მეთოდია” – ლევან რატიანი კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდის გამოყენებას აპირებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსზე ტესტირების ახალ, „ჯინ ექსპერტ” მეთოდს გამოიყენებენ.

ამ მეთოდით ტესტირებას საეჭვო შემთხვევების დიაგნოსტირებისთვის იმ პაციენტებთან გამოიყენებენ, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

„ჩვენს კლინიკაში დაიტესტა „ჯინ ექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიაზაციას, ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკოდ. ესაა უნიკალური მეთოდი, ალბათობა იმისა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმალურია, რადგან მასში ადამიანის მონაწილეობის ფაქტორი არ არის“,- განაცხადა რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმის, ხატია მიქაბერიძის განმარტებით, ტესტი პასუხს 50 წუთში აჩვენებს და ადამიანური ხელით დაშვებულ შეცდომას გამორიცხავს.

,,აქ ხდება ვირუსის ნუკლეინის მჟავების გამოვლენა კარტრიჯული მეთოდით, არის აბსოლუტურად დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ადამიანური ხელით დაშვებული შეცდომა იყოს გამორიცხული, იმ შემთხვევაში თუ მოხდა აღების დროს რაიმე შეცდომა.

ჩვენ საშუალება გვაქვს საკმაოდ მაღალი მგრძნობელობის მქონე ტესტი გვქონდეს იმ პაციენტებისთვის, ვისაც ასე ჭირდება იმის დადასტურება, არის გამოჯანმრთელებული თუ ინფიცირებული, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება”,- ამბობს მიქაბერიძე.