ესპანეთის გამოქვაბულში ნეანდერტალელების “სამხატვრო სტუდია“ აღმოაჩინეს(ფოტო)

მეცნიერების ახალი კვლევა მოწმობს, რომ ესპანეთის სამხრეთით, გამოქვაბულ Cueva de Ardales–ს რეგულარულად სტუმრობდნენ პრეისტორიული ადამიანები, მინიმუმ 50 ათასი წლის განმავლობაში, წერს გამოცემა ფორბსი.

გამოქვაბულის პირველი სტუმრები დაახლოებით 65 000 წლის წინ ნეანდერტალელები იყვნენ. ამის შემდეგ, თანამედროვე ადამიანები დროის სხვადასხვა პერიოდში გამოქვაბულს ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად და ცერემონიული მიზნებისთვის იყენებდნენ.

1821 წელს, მიწისძვრის წყალობით მეცნიერებმა მიიღეს წვდომა მალაგას პროვინციაში, ქალაქ არდალესთან მდებარე მიტოვებულ გამოქვაბულზე, რომელიც მრავალფეროვანი კლდეზე შემორჩენილი უძველესი ნახატებით არის სავსე. თუმცა, მას  გამოქვაბული 200 წლის წინ აღმოჩენის შემდეგ ნაკლებად იქნა შესწავლილი.

იმის დასადგენად, თუ როდის და რისთვის გამოიყენებოდა გამოქვაბული, ესპანელი და გერმანელი მკვლევარების ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გათხრები ჩაატარა გამოქვაბულის შესასვლელთან მიმდებარე ტერიტორიებზე. მათ ნიმუშები აიღეს შესასვლელის პირველ 20 მეტრში, საიდანაც 19–ე საუკუნის კიბე გამოქვაბულის შიდა ტერიტორიაზე ეშვება. ამ რაიონში მეცნიერებმა ნარჩენი ქანები შეისწავლეს და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები მოაგროვეს. ასევე ცხოველების და ადამიანების ნარჩენები, ქსოვილები, ინსტრუმენტები და ბევრი სხვა.

იმის განსასაზღვრად, რამდენი წლის არის ეს საგნები, მკვლევარების ჯგუფმა სხვადასხვა მეთოდები გამოიყენა. იმის მიხედვით, რომელ ნადებ ფენაში იქნა აღმოჩენილი ესა თუ ის ნივთი, უკვე იქმნება წარმოდგენა, რა პერიოდს მიეკუთვნება ის. თუმცა, ექსპერტებმა რადიოკარბონული დათარიღებაც გამოიყენეს, რათა უკეთ გაეგოთ აღმოჩენილი ორგანული მასალების ასაკი, როგორიც არის ძვლები, ქსოვილები ან ნახშირის ნარჩენები.

მათ აღმოაჩინეს ოხრის მრავალი ნიმუში, რომელიც პალეოლითის ეპოქაში ამ ადგილზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს შეესაბამება. ადამიანის ნაშთების მდებარეობა და პოზა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ გამოქვაბული შესაძლოა სამარხადაც გამოიყენებოდა. მცირე რამ თუ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გამოქვაბულში ადამიანები ცხოვრობდნენ. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ეს ადგილი იშვიათად, მაგალითად სამარხებისთვის და ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად გამოიყენებოდა.

თუმცა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ყველა ნაშთი პრეისტორიული პერიოდის არ ყოფილა. ერთ–ერთი საინეტერსო ნივთი, რომელიც მათ აღმოაჩინეს თოკის ნარჩენია, რომელიც დროთა განმავლობაში  მთლიანად კალციფიცირებული იყო. რადიოკარბონული დათარიღებისას და შესასვლელის ამ მონაკვეთში აღმოჩენილი სხვა ნიმუშების მიხედვით დადგინდა, რომ ეს თოკი მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში გამოიყენებოდა.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვაბულში ეს შესასვლელი 1821 წლამდე დამალული იყო, სავარაუდოდ არსებობდა სხვა გზა, რომლითაც შიგნით მოხვედრა შეიძლებოდა და ის ადამიანების მცირე ჯგუფმა მაინც იცოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში მხოლოდ გამოქვაბულის შესასვლელი შეისწავლეს. მღვიმის ამ ნაწილში გამოქვაბულის მხატვრობა ძალიან განსხვავდება მღვიმის დანარჩენ ნაწილში აღმოჩენილი ნამუშევრებისგან.