ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნა

ესპანეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეეძლებათ. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა.

ესპანეთში გამგზავრების მსურველმა  პირმა, მოგზაურობის დაწყებამდე ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსოს მისამართზე: www.spth.gob.es რის შემდეგაც საზღვარზე წარსადგენად, სპეციალურ QR კოდს მიიღებს.

საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები გაუხსნეს საფრანგეთმა, იტალიამ და შვედეთმაც გაუხსნეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნების სია გამოაქვეყნა,  რომლებთანაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს.

ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

სია ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ყოველ ორ კვირაში განახლდება.

საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.

იტალიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ვიზიტის მიზეზის დასაბუთება არ დასჭირდებათ, თუმცა 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

შვედეთში სტუმრობის შემთხვევაში კი, ტურისტებს მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილების შემდეგ უშუალოდ ქვეყნებს შორის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მიმოსვლის აღდგენის დეტალებზე. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ 1 აგვისტომდე რეგულარული ფრენების აღდგენას არ აპირებს, შესაბამისად, საქართველომ შესაძლოა არ ისარგებლოს იმ პრივილეგიით, რომელიც მას ევროკავშირმა მიანიჭა.