ეს არის არაადამიანური, ცხოველური მოპყრობა – ხოშტარია აფრიკაში მივიდა

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აფრიკის დასახლებაში მივიდა, სადაც თბილისის მერია უკანონო შენობების დემონტაჟს ახდენს.

მისი თქმით, პოლიციელები ადამიანებს არაადამიანურად ეპყრობა, რაც ქართული ოცნების სახეა.

“პირველ რიგში, ეს არის სრული არაადამიანობა, ამ სიცივეში, პანდემიის დროს, წარმოუდგენელია, ჯარი არის მოსული ამ პოლიციელების, მონების ჩვეულებრივის, არაფერს არ ეუბნებიან, იჭერენ ადამიანებს და უნგრევენ ბულდოზერით სახლს. უკანონობა გაიხსენონ, თაბორის მთა რომ აჩუქეს ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად. ეს არის უბრალოდ ცხოველური, არაადამიანური მოპყრობა ადამიანების მიმართ. ტალახში ზელენ ხალხს და ისე მიყავთ. არაკონსტიტუციურიც არის, ამორალურიც არის და ეს არის სახე ამ თავგასული, უკონტროლო ხელისუფლების. არჩევნების წინ რომ პირდებოდა, რასაც გინდათ გაგიკეთებთო და ახლა ასე ეპყრობა, ეს არის ამათ სახე”,– ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი თქმით, მარტო ამ ადამიანების სახლები კი არ ინგრევა, “ყველა საქართველოს მოქალაქეს ხვდება ეს ბულდოზერი სახეში”.

“რას ნიშნავს აგარაკია? თავისთვის მოუნდა რომ გადაიფორმოს და აშენებინოს ძმაკაცებს სახლები? კანონი არ არის უბრალოდ უმრავლესობის მიერ გატანილი მამაძაღლობა. სადაც ხალხმა ააშენა და რაღაც ააშენა, ასე ბულდოზერით და ძალადობრივად უნგრევენ, თვალებს ვერ ვუჯერებ”.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერია უკანონო შენობებს ანგრევს. ადგილზე მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაკავებულია 10–მდე ადამიანი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს სახლები აქვთ, უბრალოდ მიწის მითვისება უნდა და აშენებენ აგარაკებს.