“ეს რეზოლუცია არის ძალიან მკაფიო სიგნალი ევროპარლამენტისგან, რომ მოვიდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების დრო. ახლა აღარ არის მისი ჯანმრთელობითა და სიცოცხლით თამაშის დრო და თუ საქართველოს მთავრობა ამ მოწოდებას არ შეისმენს, საქართველოს ევროინტეგრაცია დასრულდება.  ამ რეზოლუციას ხმა მისცა პარლამენტის უდიდესმა უმრავლესობამ, ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეუერთდა ამ მოწოდებას. ეს არის ბოლო წვეთი. ნუ თამაშობთ საქართველოს ევროპული მომავლით. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, რომ წავიდეს ევროპაში სამკურნალოდ და აღიდგინოს ჯანმრთელობა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. ეს ჩვენი წინაპირობაა. აქ არ არის საუბარი ერთ ან რამდენიმე ევროპარლამენტარზე, ამ რეზოლუციას მთელმა ევროპარლამენტმა მისცა ხმა და ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. […] ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის. მე მინდა, რომ ყველა ქართველი კარგად დაფიქრდეს. საქართველომ უკვე ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, რათა ძალიან დიდი ხნის ოცნება აისრულოს და შეუერთდეს ევროპული ერების ოჯახს. ახლა კარი ღიაა. მთავარია, რომ ევროპული მომავალი ამჯობინოთ შურისძიებას. ევროპა მზად არის, რომ მიიღოს საქართველო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში. ეს არის ის, რისთვისაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იბრძოდა და ახლა, მხოლოდ იმიტომ რომ მიშას გათავისუფლება და მისი სამკურნალოდ გაშვება არ უნდათ, ამ მომავლის მსხვერპლად შეწირვას აპირებენ? ჩვენ არ ვხუმრობთ. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ახლავე. საქართველოს ხელისუფლება უკვე თვეებია, რაც გვეთამაშება. გვეუბნება, რომ მოგვიანებით, მოგვიანებით, მოგვიანებით. არა. მოგვიანებით არა. ახლა არის დრო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააკაშვილი ხვალვე გათავისუფლდება. ასე რომ, მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”,

აცხადებს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი “მთავარ არხთან” საუბრისას.