ეს არის რუსეთში არსებული კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვეს. ვშიშობ, იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც–ჯინ შაჰინი

უცხოელ აგენტებზე კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის მსგავსი, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

სენატორი ფიქრობს, რომ „ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია“.

„ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის”,- აცხადებს შაჰინი.

მან ისაუბრა კანონებს შორის განსხვავებებზე და განაცხადა, რომ

„ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ. იგივე ხდება მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, როცა “არ-თის” [ყოფილი „რაშა თუდეი“] თუ ჩინურ ტელევიზიას მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ, რათა მაყურებელმა იცოდეს ვინ უხდის მათ ფულს და ვის წარმოადგენენ ისინი. როგორც მე მესმის, კანონპროექტი საქართველოში, საერთოდ არ არის “ფარას” მსგავსი.

ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს რეალური შეშფოთება მათი ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც რიგით ადამიანებს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად მუშაობენ. როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას, ამას რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე”,- ამბობს შაჰინი.