”ეს ვიზიტი შეთანხმებული არ იყო“ – ქადაგიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტის ჩაშლაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც , 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებული არ იყო.

„ეს დიალოგი უნდა შედგეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ეს არის ამ დიალოგის ფორმატი და წარმოების ჩარჩო, რომელიც გარკვეულ კონფიდენციალურობასაც გულისხმობს იმ დონეზე, სანამ ამ დიალოგის ფორმატების და ჩარჩოს მიმართულებები შეთანხმდება პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის. ამავდროულად ხდება დღის წესრიგის და დელეგაციების შეთანხმებაც. ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი წერილი და ახსნა-განმარტება, იქითა მხრიდანაც არსებობს ურთიერთგაგება. ეს დიალოგი ემსახურება არა პოლარიზაციის გაღრმავებას, რა სურათიც ახლა ქართულ სინამდვილეში გადმოთარგმნილი მივიღეთ, არამედ ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დაწყებას და თანამშრომლობის რეჟიმის უზრუნველყოფას.

როცა ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.